logo
ENG



შაბათის ფორმულა: კომენდანტის დროს კლუბში წვეულებები იმართება, რის შესახებაც პოლიციამ იცის

10 აპრ 202120:01
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულამ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და დაადგინა, რომ კომენდანტის საათის დროს თბილისში, დახურული წვეულებები იმართება. ორდღიანი ექსპერიმენტი ხელისუფლების ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს.

კლუბი ოთახი - შაბათის ფორმულას წყარომ ინფორმაცია მიაწოდა, რომ ამ ადგილას ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციები მკაცრად ირღვევა. შაბათის ფორმულას გადამღები ჯგუფი გასართობ დაწესებულებაში ორი დღის განმავლობაში მუშაობდა. პირველი ვიზიტისას ადგილზე კომენდანტის საათის დაწყებამდე 10 წუთით ადრე მივიდნენ. თავდაპირველად ჟურნალისტს უთხრეს, რომ მომსახურებას ვერ გაუწევდნენ. თუმცა, დაწესებულებიდან გასვლის შემდეგ, შაბათის ფორმულა მენეჯერს შეუთანხმდა, რომ ხვალ დაბრუნდებოდნენ. კლუბის მენეჯერი მეორე დღისთვის კარგ მუსიკას, ბევრ ხალხს და დაუვიწყარ გართობას დაჰპირდათ.

ოთახში მეორე დღის სტუმრობა განსხვავებული იყო - ამ დღისთვის კლუბში განსაკუთრებულად ემზადებოდნენ. აქ მოხვედრა მარტივი არ არის, თუ წინასწარ მაგიდა დაჯავშნული არ გაქვს, არ მიგიღებენ. წვეულებას დაახლოებით 30-მდე ადამიანი ესწრებოდა. შაბათის ფორმულამ ასევე გაარკვია, რომ სხვა დღეებში აქ ბევრად უფრო ხალხმრავლობაა.

შაბათის ფორმულას გადამღები ჯგუფი კლუბის მენეჯერს გაეცნო, როგორც საშვის არმქონე მოქალაქეები. კლუბმა დაადასტურა, რომ მათ გადაადგილებაზე საშვიანი ტაქსები იზრუნებდნენ და არავინ დააჯარიმებდათ

რაც შეეხება საშვიან ტაქსის, შაბათის ფორმულასთან საუბარში ის აღნიშნავს, რომ ასეთი წვეულებები საკმაოდ ხშირია. მისივე თქმით, პოლიციამ ყველაფერი იცის, თუმცა არ რეაგირებს, რადგან კლუბს გავლენიანი მფარველი ჰყავს.

ასევე ირკვევა, რომ ინსპექციამ დაწესებულება ჯამში სამჯერ - 30 ათასი ლარით დააჯარიმა, თუმცა ყოველი ფულადი სანქციის შემდეგომ დაწესებულებას სხვადასხვა პირზე აფორმებდნენ.


close დახურვა